2012 წელს ბათუმში ახალი სავაჭრო ცენტრი გაიხსნება. ობიექტი კაჩინსკების ქუჩაზე განთავსდება. მშენებლობისთვის 45 ათასი კვადრატული მეტრია გათვალისწინებული. სავაჭრო ცენტრს "ფორუმ-ბათუმი" ერქმევა და მრავალპროფილიანი იქნება - ცენტრში სხვადასხვა ქვეყნის მიერ წარმოებული სხვადასხვა სახის პროდუქცია გაიყიდება. აღნიშნული ცენტრის მშენებლობა 2 თვეში დაიწყება. დღეს კი, საძირკვლის გაჭრის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
"ეს არის ადგილი, რომელიც არა მხოლოდ დაასაქმებს ათასობით ბათუმელს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ იქნება მნიშვნელოავანი ნაწილი იმისა, რასაც ვქმნით - ქალაქი და ქვეყანა, რომელითაც ვიამაყებთ. არის ხალხი, რომლებიც ბათუმში ჩამოსვლისას იძახდა, რომ ბათუმში "შოპინგი" და მომსახურება არ ვარგოდა და იყვნენ ადამიანები, ვინც იძახდნენ, რომ ამ ყველაფრის გამოსწორება შესაძლებელი იყო. და ეს მართლაც ასეა. დღეს აქ არის ყველაზე კარგი მომსახურება, ყველაზე კარგი "შოპინგი" და ყველაზე კარგი მაღაზიები", - განაცხადა სააკაშვილმა
მისი განცხადებით, ახალ სავაჭრო ცენტრში მოეწყობა დასასვენებელი ობიექტები, ამუშავდება სუპერმარკეტები, გაიხსენება რესტორნები. სააკაშვილის განცხადებით, "ფორუმ-ბათუმი" ტრაბზონის სავაჭრო ცენტრზე ორჯერ დიდი იქნება.
ახალ ობიექტს გერმანულ-თურქულ-ჰოლანდიური კომპანია ააშენებს, მშენებლობა 120 მილიონი დოლარი დაჯდება.