გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 411 ფაქტი გამოავლინეს.
ხილული გამონაბოლქვის მქონე ავტოტრანსპორტის მართვის ყველაზე მეტი - 215 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა; 87 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ბათუმში, 70 - რუსთავში, 39 - ქუთაისში.
"გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 411 შემთხვევიდან 355 ფიზიკური პირი, ხოლო 56 იურიდიული პირი იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ 247 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების, 142 - მიკროავტობუსის, 22 კი, სატვირთო ავტომობილის მძღოლების/მფლობელების სახელზეა შედგენილი.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულება დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია; შესაბამისად, არაერთი მიზნობრივი ღონისძიება ხორციელდება. ქვეყნის 4 მსხვილ ქალაქში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი ხორციელდება. პარალელურად, დეპარტამენტი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლსაც რეგულარულად ახორციელებს, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. გარდა ამისა, საწარმოებიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 35 უმსხვილეს საწარმოს სისტემა უკვე დანერგილი აქვს. კომპლექსური ღონისძიებები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაბინძურების მინიმუმამდე დაყვანას უწყობს ხელს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.