"ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საქართვეოში კონფლიქტის დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის ანგარიშთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გმართა.
მისი განცხადებით, მისიის ანგარიში ობიექტურად და სამართლიანად აღნიშნავს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის აქტით უხეშად დაარღვია და უგულებელყო საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები, მათ შორის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ჰელსინკის დასკვნითი აქტი, გაეროს ქარტია და უშიშროების საბჭოს რეზოლუციები.
"ტალიავინის დასკვნამ მკაფიოდ დაადასტურა, რომ არ არსებობს არანაირი ლეგიტიმური საფუძველი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების გამო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებისთვის,"- განაცხადა ალასანიამ.
მისივე განცხადებით, ანგარიში მძიმე შეფასებას აძლევს საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ ქმედებებს.
"ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის წინდაუხედავმა და პოლიტიკურად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებამ საფრთხის ქვეშ დააყენა სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის დამოუკიდებელი განვითარების მომავალი. ამ გადაწყვეტილებამ არამხოლოდ თავიდან ვერ აგვაცილა რუსეთის მხრიდან საქართველოს სამხედრო ოკუბაცია, არამედ აგრესორს საქართველოს ტერიტორიაზე მასშტაბური შემოჭრის საბაბი შეუქმნა,"- განაცხადა ალასანიამ.
ალასანიას თქმით, ტალიავინის დასკვნა საქართველოს შიდა პოლიტიკური ცხოვრების დღის წესრიგს არ ცვლის და უახლოეს ვადებში, თავისუფალი და სამაქღლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების კონსტიტუციური და მშვიდობიანი შეცვლაა საჭირო.