საქართველო ეროვნული ინტერესების დასაცავად იბრძვის, ამის უფლება გვაქვს. უვიზო მიმოსვლას თუ შეაჩერებენ, შანტაჟის ბოლო ბერკეტსაც დაკარგავენ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, საქართველოსთან მიმართებით თვალდახუჭვის რეჟიმში დარჩება, თვალს გაახელს და რეალობას შეხედავს, თუ იმ რეჟიმში დარჩება, რომ სომხეთია შავი ზღვისა და კასპიის ზღვის დამაკავშირებელი. კონტრპროდუქტიულია ლოზუნგები, რომლებიც მიმართული იყო ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის, პირიქით, ევროპის იდეის დამაზიანებელია. საქართველოსთან მიმართებით უნდა გაითვალისწინონ, რომ ქვეყანა ვინმეს კი არ ებრძვის, საქართველო ეროვნული ინტერესების დასაცავად იბრძვის. ამის უფლება გვაქვს და ამ უფლებას ევროკავშირში გაწევრიანების გზა არ გვიკვეცავს. უვიზო მიმოსვლას თუ შეაჩერებენ, შანტაჟის ბოლო ბერკეტსაც დაკარგავენ. ანუ, ზემოქმედების ბერკეტად იყენებს და არა ობიექტური განსჯის ბერკეტად. ამ ბერკეტის გამოყენებით რას უნდა მიაღწიოს? – მიზანია, ქვეყანაში ვითარება დაიძაბოს. ოპოზიციაც მუდამ იმას ამბობს, რომ სანქციები დაწესდეს, რათა რამენაირად ქვეყანაში ეკონომიკური წინსვლა გააჩერონ. იმის უნარი თუ აქვთ, რომ თავიანთი განწყობა სუბიექტურიდან ობიექტურისკენ შეცვალონ, მაშინ არ შეიძლება, სავიზო რეჟიმის შეჩერებაზე იყოს საუბარი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.