4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებული 8 პირი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, პატიმრობიდან გათავისუფლდა.
ბრალდებულ 8 პირს - ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღუწკაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.
ყველა მათგანი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა, გარდა ევა შანშიაშვილისა, ვინაიდან ის გირაოს სანაცვლოდ ისედაც თავისუფლებაში იმყოფებოდა.
მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ დაამტკიცა.
რვავე პირს საპროცესო შეთანხმება 3 წლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმდა.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულებს - ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღურწკაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდათ წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებას, ჯამში, 21 დემონსტრანტს უფორმებს.
ფოტო: ირაკლი გედენიძე (Reuters)