2010 წელს დაფინანსება ორი უწყების გარდა, ყველა სამინისტროს შეუმცირდება. აღნიშნული უკვე გაწერილია მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველ ვარიანტში, რომელიც მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა.
მთავრობა პრიორიტეტულ მიმართულებად 2010 წელსაც სოციალურ სფეროს ასახელებს, რის კონტექსტშიც წლავანდელი დაფინანსება შეუნარჩუნდება ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს. მეტიც, სანდრო კვიტაშვილისა და ნიკა გვარამიას უწყებებს ის "ცოტათი გაეზრდება კიდეც".
"შემცირდება ყველა სამინისტროს დაფინანსება, გარდა ჯანდაცვისა და განათლების უწყებებისა. ეს იმის გამო, რომ მთავრობისთვის სოციალური სფერო კვლავ პრიორიტეტულია. ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროებს დაფინანსება ცოტათი გაეზრდებათ კიდეც", - განუცხადა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის მიხედვით ბიუჯეტის მოცულობა წლევანდელთან შედარებით 2 %-ით იზრდება.
დოკუმენტი პარლამენტს განსახილვევად 1-ელ ოქტომბერს გადაეგზავნება. საკანონმდებლო ორგანოს მისი შესაბამისად განხილვისთვის ვადა დეკემბრამდე აქვს.