2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით 2 %-ით გაიზრდება. 2010 წლის ბიუჯეტის 2 %-იანი ზრდა მომავალი წლის სახელწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველ ვარიანტშია გათვალისწინებული, რომელიც მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე განიხილა.
როგორც სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა განუცხადა, შემოსავლები 2009 წლის ბიუჯეტის დონეზე დარჩება, ასიგნებები კი 6 მლრდ 400 მილიონი ლარით განისაზღვრება.
"2009 წელს ჩვენ გვქონდა 10 %-იანი კონვენციური დეფიციტი, იმისთვის, რომ ეკონომიკის სტაბილურობა მოგვეხდინა. ამან გაამართლა, რადგან მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენი ეკონომიკა არ დანგრეულა. თუმცა ახლა, ჩვენ საშუალო ვადებში, დეფიციტი ლოგიკურ მაჩვენებლამდე უნდა ჩამოვიყვანოთ - ვგეგმავთ, რომ კონვენციური დეფიციტი 2 %-ით შევამციროთ. აღნიშნული, შესაბამისად, ხარჯების შემცირებას უკავშირდება, თუმცა ამის მიუხედავად, ხაზს ვუსვამ, რომ არ მცირდება საგადასახადო შემოსავლები, თუმცა შემცირდება დეფიციტური დაფინანსების წყაროები", - განაცხადა ბაინდურაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი პარლამენტს განსახილვევად 1-ელ ოქტომბერს გადაეგზავნება. საკანონმდებლო ორგანოს მისი შესაბამისად განხილვისთვის ვადა დეკემბრამდე აქვს.