სხვადსხვა მონაცემებით, ჩეჩნეთსა და ადიღეაში შესაძლოა, დონბასში მიმდინარე ბრძოლებისას ტყვედ აყვანილი 400-დან 700-მდე უკრანის მოქალაქე იმყოფებოდეს.
ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,ატკრიტაია რასია” იტყობინება.
უგზო-უკვლოდ დაკარგული უკრაინელი ჯარისკაცების ნათესავები აცხადებენ, რომ თავად დაკარგული სამხედროები ან უცნობი ადამიანები მათ რუსული მობილური ქსელებიდან სწორედ ჩეჩნეთის და ადიღეის ტერიტორიიდან ურეკავდნენ.
ზოგიერთის ნათესავს რუსი უფლებადამცველები დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მათ ოჯახის წევრებს რუსეთის წინასწარი დაკავების სხვადასხვა იზოლატორში მიაკვლიეს.
უფლებადამცველთა მონაცემებით, ხშირ შემთხვევაში, იზოლატორის ხელმძღვანელები ამ დაწესებულებებში მოხვედრილი მძიმედ დაჭრილი ან დასახიჩრებული უკრაინელი მებრძოლების თავიდან მოშორებას ცდილობდნენ.
თავად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ნათესავების განცხადებით, მათ უცნობი პირები, უმეტესად აღმოსავლური აქცენტით, ტელეფონით უკავშირდებოდნენ და ,,ფულადი ჯილდოს” სანაცვლოდ დაკარგული ჯარისკაცის დაბრუნებას ჰპირდებოდნენ.
მათ ხშირად ტელეფონზე მისდიოდათ ასეთი შინაარსის შეტყობინებაც: ,,თქვენი ნათესავი მონად არის გაყიდული და თქვენ მას ვერასდროს ნახავთ.”
აღსანიშნავია, რომ უკრაინის არმიის უგზო-უკვლოდ დაკარგული ზოგიერთი ჯარისკაცი არც დაღუპულთა სიაშია და არც ტყვეთა იმ ჩამონათვალში მოიხსენიება, რომელიც მინსკის შეთანხმების თანახმად, მოწინააღმდეგე ბანაკის ტყვეებში უნდა გაიცვალოს.
ოფიციალური მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად 1 460 ადამიანია მიჩნეული, ხოლო 4 ათასამდე ადამიანი ტყვედ არის აყვანილი.