რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის აჭარის მთავრობა აქტიურდება და ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოება/განვითარების მსურველებს ახალ პროგრამას სთავაზობს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრიორიტეტების კომისიამ
მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა შეიმუშავა, რომელსაც მალე დასამტკიცებლად მთავრობას წარუდგენს. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ინიციატივა ტურისტული ბიზნესით დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების საბიუჯეტო რესურსებით თანადაფინანსებას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად კი საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო ინვესტორს ბანკიდან აღებული კრედიტის საპროცენტო განაკვეთის 3 %-ს დაუფარავს.
ბენეფიციართა მომსახურე ბანკის შერჩევა კი კონკურის წესით მოხდება. უკვე ცნობილია, რომ პროგრამაში მონაწილეობისთვის ბანკს, პროგრამაში მონაწილე ბენეფიციართათვის წლის განმავლობაში სულ 6 მილიონი ლარის საკრედიტო რესურსის გამოყოფა უნდა შეეძლოს.
გამარჯვებული ბანკის გამოვლენის ძირითადი კრიტერიუმი, ბენეფიციართათვის მაქსიმალურად დაბალი წლიური საპროცენტო განაკვეთის შეთავაზება იქნება.