ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევთთა ასოციაცია უერთდება საზოგადოების იმ ნაწილის პოზიციას, რომელმაც აღშფოთება გამოხატა ტელეკომპანია "იმედის" მიერ გადაცემული ქრონიკის სპეციალური გამოშვების გამო.
"მივიჩვევთ, რომ მსგავსი თემატიკის მსგავსი სახით გაშუქება მიუღებელია, მეტ დაფიქრებას, პროფესიულ კონსულტაციებსა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას მოითხოვს. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმ ტექნიკურ დეტალებსა თუ მანიშნებლებზე, რომლებიც სიუჟეტის მომზადებისა და თუ მისი ეთერში ტრანსლირებისას უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული; აღვნიშნავთ იმ სავალალო შედეგებს, რომლებიც გამოიწვია ზემოხსენებულმა სიუჟეტმა. ორგანიზაციის კლიენტურის (სხვადასხვა ასაკისა და ფსიქოლოგიური პრობლემის მქონე) ნაწილი დაგვიკავშირდა სიუჯეტის მსვლელობის პროცესშივე, გაძლიერებული ისტერიული, შფოთვისა და შიშის მდგომარეობაში, ზოგიერთ მათგანს აღენიშნებოდა პანიკის მკვეთრად გამოხატული ნიშნები. ბევრი ადამიანი გვიკავშირდება ფსიქოკონსულტაციისთვის, ძირითადი გამოხატული ნიშნები: აწეული შფოთვა, გამძაფრებული შიშის განცდა, უიმედობა, აგრესია", _ აცხადებენ ისინი.
მათი განცხადებით, საქართველოში ამჟამად არსებულ მიმდინარე სტრესულ ფონზე, რომელიც ძირითადად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს უკავშირდება, მიუღებელია მსგავსი სიუჟეტის მსგავსი ფორმით ტრენსლირება, რამდენადაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კვლავაც პოსტტრავმატული სტრესის მდგომარეობაშია.
"ასეთ ვითარებაში "ქრონიკის" მიერ გადაცემულმა ყველაზე ცუდი მომავლის ქრონიკამ, ყველაზე ადექვატური რეაქცია გამოწვია. საზოგადოების დიდმა ნაწილმა "ქართული ოცნების რექვიემი" როგორც მოსალოდნელი იყო რეალობად აღიქვა და ახალი ტრავმა მიიღო. ზემოთქმული კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ მედიას, როგორც საზოგადოებრივი აზრის შექმნისა და მასზე ზეგავლენის მოხდენის ერთ-ერთ უმთავრეს ინსტიტუტს, ნებისმიერი იდეის ფორმირება-განხორციელებისას მეტი პასუხისმგებლობის გამოვლინება მართებს საზოგადოების თითოეული წევრის მიმართ", _ აღნიშნავენ ისინი.