პარტია “ფედერალისტები” რეჟიმის საკონსტიტუციო სარჩელს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნება და მისი სატელიტები სამი პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ახალის და ლელოს აკრძალვას ითხოვენ.
"როდესაც რეჟიმი ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს, ის ამით არა ამა თუ იმ პოლიტიკოსის, არამედ მოქალაქეების ნების გაუქმებას ცდილობს.
რეჟიმი აპირებს წარმომადგენლობით დემოკრატიაში თავად გადაწყვიტოს, ვის აქვს უფლება, წარმოგადგინოთ.
ივანიშვილს სურს, თავად გააკეთოს ის არჩევანი, რომელიც თქვენ გეკუთვნით.
ეს ნიშნავს სახელმწიფოს მიტაცების ფორმალურად დაკანონებას - რომ სახელმწიფო ივანიშვილის საკუთრებაა და არა ამ ქვეყნის მოქალაქეების.
ამ გადაწყვეტილებით რეჟიმი არა მხოლოდ ამ ეტაპზე ასაკრძალი პარტიების ამომრჩევლებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს, რადგან თუნდაც ერთი ლეგიტიმური პარტიის გაუქმება ყველა პარტიის გაუქმებას ნიშნავს.
ამ ნაბიჯით რეჟიმს სურს საქართველოს მოქალაქეების ძარცვა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ღალატი კიდევ უფრო გაიმარტივოს.
დიქტატორული რეჟიმის დამარცხებასთან ერთად, ყველა მსგავსი უკანონობა წარსულს ჩაბარდება", - წერია განცხადებაში.