პარტია "ფედერალისტების" ლიდერი გიგა ბოკერია გამოეხმაურა "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელს, რომლითაც ის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას მოითხოვს.
ბოკერიას განცხადებით, თუნდაც ერთი ლეგიტიმური პარტიის გაუქმება ყველა პარტიის გაუქმებას ნიშნავს.
"როდესაც რეჟიმი ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს, ის ამით არა ამა თუ იმ პოლიტიკოსის, არამედ მოქალაქეების ნების გაუქმებას ცდილობს.
რეჟიმი აპირებს წარმომადგენლობით დემოკრატიაში თავად გადაწყვიტოს, ვის აქვს უფლება, წარმოგადგინოთ.
ივანიშვილს სურს, თავად გააკეთოს ის არჩევანი, რომელიც თქვენ გეკუთვნით.
ეს ნიშნავს სახელმწიფოს მიტაცების ფორმალურად დაკანონებას - რომ სახელმწიფო ივანიშვილის საკუთრებაა და არა ამ ქვეყნის მოქალაქეების.
ამ გადაწყვეტილებით რეჟიმი არა მხოლოდ ამ ეტაპზე ასაკრძალი პარტიების ამომრჩევლებს, არამედ თითოეულ მოქალაქეს ართმევს არჩევანს, რადგან თუნდაც ერთი ლეგიტიმური პარტიის გაუქმება ყველა პარტიის გაუქმებას ნიშნავს.
ამ ნაბიჯით რეჟიმს სურს საქართველოს მოქალაქეების ძარცვა და ჩვენი სახელმწიფოებრიობის ღალატი კიდევ უფრო გაიმარტივოს.
დიქტატორული რეჟიმის დამარცხებასთან ერთად, ყველა მსგავსი უკანონობა წარსულს ჩაბარდება", - ამბობს ბოკერია.
შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სარჩელით მოითხოვს არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს სამი ოპოზიციური პარტია: "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო - ძლიერი საქართველო", "კოალიცია ცვლილებისთვის".