ოსმა სეპარატისტებმა ქართული მხარის მიმართ ერთგენთში გამართულ შეხვედრაზე მორიგი მოთხოვნები და წინადადებები წამოაყენეს. ისინი ქართულ მხარეს პატიმრების გაცვლას სთავაზობენ პრინციპით „ყველა-ყველაზე" და ქართულ მედიაში არსებული „ისტერიის" შეწყვეტად მოითხოვენ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით ვითარდება. განცხადებები ამის შესახებ სეპარატისტებმა ერგნეთში გუშინ გამართულ შეხვედრაზე გააკეთეს.
„თუ ადრე ჩვენ მხოლოდ ამ საკითხის შესწავლას ვთავაზობდით, ახლა ჩვენ უკვე ქართულ მხარეს განვუცხადეთ, რომ მზად ვართ დაკავებულები გავცვალოთ პრინციპით ყველა-ყველაზე",_ განაცხადა მოლაპარაკებებზე ოსური დელეგაციის ხელმძღვანელმა ხოხ გაგლოითიმ და აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს სთხოვა მათთვის გადაეცათ პატიმრების სია, რომლებიც დღეს ქართულ ციხეებში იმყოფებიან, რაც გაგლოითის აზრით, იმის იმედს იძლევა, რომ ეს საკითხი შესაძლოა დადებითად გადაწყდეს.
ამას გარდა, სეპარატისტებმა ასევე განაცხადეს, რომ „სამხრეთ ოსეთის საზღვრის გასწვრივ მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხების განხილვას ინციდენტების პრევენციის შეხვედრებზე" არ აპირებენ და რომ ეს „კონტრპროდუქტიულია".
ოსმა სეპარატისტებმა შეხვედრაზე ასევე გამოთქვეს სურვილი ქართველი და უცხოელი ჟურნალისტებისათვის საზღვრის გასწვრივ პრეს-ტურის ჩატარების შესახებ.