აშშ-ის ფლორიდის შტატის ქალაქ ტალაჰასიში, Florida A&M University-ის სტადიონთან მომხდარი სროლის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანი. შემთხვევა უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდის საშინაო თამაშის შემდეგ, ხალხმრავალ ადგილას მოხდა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ტალაჰასის პოლიციის უფროსის, ლოურენს რეველის განცხადებით, დაშავებულთაგან 11-ს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აქვს. სულ მცირე სამი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა, მათგან ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დანარჩენი დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. ყველაზე ახალგაზრდა დაჭრილი 11 წლისაა.
პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, სროლას წინ უძღოდა დაპირისპირება. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ ინციდენტი ორ ან სამ ადამიანს შორის კონფლიქტით დაიწყო და სროლაში გადაიზარდა. პოლიციის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.
უნივერსიტეტმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ სროლა მის კამპუსთან ახლოს მოხდა და სასწავლო დაწესებულების ტერიტორია უსაფრთხოა. ამასთან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მოქალაქეებს მოუწოდა, გამოძიების დასრულებამდე შემთხვევის ადგილს მოერიდონ.