უკრაინის თავდაცვის ძალებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს რუსეთის ლიპეცკის ოლქის ქალაქ ელეცში მდებარე ქარხანაზე, რომელიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 300 კილომეტრში მდებარეობს. ამის შესახებ მონიტორინგის არხი Exilenova+ იუწყება.
არხის ცნობით, დარტყმის შემდეგ ქარხნის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და ძლიერი კვამლი გავრცელდა. ასევე, ერთ-ერთი საწარმოო კორპუსის ფასადი და შიდა სივრცეები მნიშვნელოვნად დაზიანდა.
„ამ კორპუსის შემდგომი ექსპლუატაცია შეუძლებელია“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.
დამატებითი ცნობების მიხედვით, ქარხანა „ენერგია“ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის მნიშვნელოვან პროდუქციას აწარმოებს. მისი ბატარეები და კვების ელემენტები გამოიყენება, მათ შორის, „ისკანდერისა“ და „კინჟალის“ ტიპის რაკეტებში, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემებში.
ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა იგორ არტამონოვმა ელეცის სამრეწველო ზონაზე თავდასხმა დაადასტურა, თუმცა კონკრეტულად ქარხანა „ენერგია“ არ დაუსახელებია. უკრაინული მონიტორინგის არხების ცნობით, დარტყმისთვის შესაძლოა Storm Shadow-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოეყენებინათ, თუმცა გამოყენებული იარაღის ტიპი ამ ეტაპზე ოფიციალურად დადასტურებული არ არის