აშშ-ის დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომ ირანმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ ამერიკელი დიპლომატებისა და თანამდებობის პირების ლიკვიდაციისთვის მზადება.
ამის შესახებ Axios იუწყება.
გამოცემის მიერ მოპოვებულ მემორანდუმში აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ჯეი კლეიტონმა, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო გააფრთხილა, რომ ირანის გეგმების შესახებ ინფორმაცია იმაზე მეტ ამერიკელ მაღალჩინოსანს უნდა გადაეცეს, ვიდრე ამას ამჟამად მოქმედი წესები ითვალისწინებს.
მემორანდუმის თანახმად, მკვლელობის გეგმები უკვე „მოწინავე ეტაპზეა“.
დოკუმენტში კონკრეტული სამიზნეები ან ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთ მდებარე ქვეყნები დასახელებული არ არის. თუმცა აღნიშნულია, რომ შესაბამისი სადაზვერვო ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს უკვე გადაეცათ.
კლეიტონმა ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის მაქსიმალურად შემცირება შესთავაზა, რათა რუბიოს მისი უფრო ფართო წრის თანამშრომლებისთვის გაზიარება შეძლებოდა. საუბარია იმ პირებზეც, რომლებიც შესაძლოა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენ.
ამერიკელი მაღალჩინოსნების განცხადებით, სწორედ ეს სადაზვერვო ინფორმაციაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სახელმწიფო დეპარტამენტი ახლო აღმოსავლეთში მდებარე აშშ-ის რამდენიმე საელჩოში თანამშრომელთა რაოდენობას ამცირებს.
კვირის დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საუდის არაბეთში, რიადში მდებარე აშშ-ის საელჩოდან, ასევე ჯიდასა და დაჰრანში მდებარე საკონსულოებიდან თანამშრომელთა ოჯახის წევრებისა და იმ პერსონალის ევაკუაციის ბრძანება გასცა, რომელთა საქმიანობაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის.
ამერიკელი მაღალჩინოსნები ასევე შიშობენ, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილმა იემენელმა ჰუსიტებმა შესაძლოა თავდასხმების არეალი საუდის არაბეთის ფარგლებს გარეთაც გააფართოონ.
ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, პარასკევს სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე გასცა ბრძანება, რომ შემცირდეს ამერიკელი დიპლომატებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების რაოდენობა აშშ-ის საელჩოებში არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ლიბანში, კატარსა და იორდანიაში.
„გადავწყვიტეთ, რომ ჰუსიტების თავდასხმებისა და ირანის მიერ დაგეგმილი ტერორისტული შეთქმულებების საფრთხის გამო აუცილებელია ჩვენი წარმომადგენლობების შემცირება და მხოლოდ იმ პერსონალის დატოვება, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს“, - განაცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.
The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო უწყებებმა ირანზე დარტყმების განახლების კონკრეტული გეგმა შეიმუშავეს. დარტყმების განახლება შესაძლოა აშშ-ში 3 ნოემბერს დაგეგმილი შუალედური არჩევნების შემდეგ მოხდეს.