უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნოემბერში ტექნიკურ დონეზე სამმხრივი შეხვედრის გამართვის ადგილად აბუ-დაბი, ახლო აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანა ან ევროპა განიხილება.
მისი თქმით, მოლაპარაკებების მიზანი ლიდერების დონეზე სამმხრივი შეხვედრის შესაძლებლობის განხილვა უნდა იყოს. ასევე, დღის წესრიგში შესაძლოა დადგეს ენერგეტიკული ცეცხლის შეწყვეტის ან შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი.
„ჩვენ ამერიკელებს ვესაუბრეთ, შემდეგ კი ისინი სანქტ-პეტერბურგში გაემგზავრნენ და შეთანხმდნენ, რომ კონფლიქტის ორივე მხარე - რუსეთი და უკრაინა, მზად არის, სამმხრივ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა რომელიმე ქვეყანაში. განვიხილავდით აბუ-დაბის ვარიანტს, ეს შეიძლება იყოს ახლო აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანა ან ევროპა, ამა თუ იმ დედაქალაქში. თუმცა შევთანხმდით და ამერიკელებმა დაგვიდასტურეს, რომ პუტინმაც დაუდასტურა მათ: ნოემბერში ჩვენი ჯგუფების შეხვედრა სამმხრივ ფორმატში გაიმართება - აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ ისურვებდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის მოხსნას უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შესაძლო შეხვედრამდე, რადგან შეზღუდვების ნაადრევად გაუქმება პარტნიორებს რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტებს დააკარგვინებს.
„მინდა, ამერიკელებს ვუთხრა, რომ არ ვისურვებდი, სამი ლიდერის შეხვედრას, როცა ის გაიმართება, რადგან ეს, ეჭვგარეშეა, უნდა მოხდეს - რუსეთისთვის დაწესებული ყველა სანქციის მოხსნით მივუდგეთ. ეს მნიშვნელოვანი საკითხია. სანქციები აგრესიის გამო დაწესდა და არა იმისთვის, რომ უბრალოდ ვისაუბროთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.