დღეს, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დემოკრატიული ტრანზიციის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, ორგანიზაციასთან "დემოკრატიისა და განვითარებისთვის - სუამი" და რეგიონული თანამშრომლობის საბჭოსთან თანამშრომლობით, რომელიც სამხრეთ ევროპაში რეგიონული თანამშრომლობის ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობს, გაიხსნა რეგიონთაშორისი სემინარი -"დასავლეთ ბალკანეთისა და სუამის ქვეყნებისთვის ვიშეგრადის ჯგუფის მიერ თანამშრომლობის სფეროში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება", რომლის მიზანია ვიშეგერადის ჯგუფის (ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) ეკონომიკური განვითარების სფეროში დაგროვილი გამოცდილების გამოყენების შესწავლა და ევროპული ინტეგრაციის კონტექსტში ევროპული სტანდარტებისა და პრაქტიკული გამოცდილების ხელშეწყობა.
სემინარზე მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, თბილისში ევროკავშირის დელეგაციის პოლიტიკური, ეკონომიკური და საინფორმაციო სექციის ხელმძღვანელი, პირველი მრჩეველი რობერტ ლიდელი, უნგრეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ვიშეგრადის ჯგუფის უნგრული თავმჯდომარეობის წარმომადგენელი, ქრისტოფ ფორაი და განვითარების პროგრამების უფროსი ვიცე-თავმჯდომარე სანდორ კოლესი. სემინარს ესწრებიან მთავრობის, მთავრობათშორისი ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა წარმომადგენლები სამი რეგიონიდან, რომლებიც 15 ქვეყანას მოიცავს, ასევე, ევეროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, დამოუკიდებელი ექსპერტები.
მონაწილე ქვეყნების სახელისუფლებო და სამოქალაქო სექტორის ექსპერტები განიხილავენ და ერთმანეთს გაუზიარებენ რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში დაგროვილ გამოცდილებას, შეაფასებენ დანერგილ პრაქტიკას, კერძოდ, ვიშეგრადის ჯგუფის თანამშრომლობის ფარგლებში, და განსაზღვრავენ საერთაშორისო ვაჭრობის, ენერგოპოლიტიკისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.
კერძოდ, მონაწილეები განსაზღვრავენ ერთობლივი ღონისძიებების იმ პოტენციურ სფეროებს, რომლებიც შესაძლოა განხორციელდეს სუამისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, ევროკავშირისა და ვიშეგრადის ჯგუფის მხარდაჭერით, ან საკუთარი ინიციატივით.
სემინარის შედეგები წარმოდგენილი იქნება პრეს-კონფერენციაზე პარასკევს, 12 მარტს, 13.00 საათზე.