დღეს, 9 დეკემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მომდევნო შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე მხარეები სოფელ ღოღეთში მავთულხლართების გაბმის შესახებ, რუსი ოკუპანტების მიერ აბრების დამონტაჟებისა და მათ მიერ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის მიზეზით საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ იმსჯელებენ.
შეხვედრა ცოტა ხნის წინ დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის 39-ე შეხვედრა 15 ნოემბერს გაიმართა, სადაც ქართულმა მხარემ ერგნეთი-დიცისა და ატოცი-კნოლევის მონაკვეთებზე გავლებულ მავთულხლართებსა და ღობეებზე ისაუბრა, რაც მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის როგორც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 27 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს სოფელ დიდ ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებს, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მკვიდრ დ. ვანიშვილს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო რამდენიმე უცნობმა პირმა ტელეკომპანია "მაესტრო"-ს ჟურნალისტს პირდაპირი ეთერის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს საქართველოს იმ მოქალაქეთა საკითხი, რომლებიც ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან.