ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ თუ ქართული მხარე მიიჩნევს, რომ საქართველოსა და რუსეთის შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ხარჯზე" მოხდება - ის ძალიან ცდება. განცხადება ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ გააკეთა.
„თუ მაია ფანჯიკიძე მიიჩევს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხარჯზე მოხდება ის ძალიან ცდება", _ წერს ხინთბა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა რომ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის აღსდგეს იმ პირობებში თუ დეოკუპაცია და საქართველოს ორი რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება მოხდება.
„ქვეყნის დეოკუპაცია და აღიარების უკან წაღება, თუ ეს ორი პირობა შესრულდება, ჩვენ რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობას მაშინვე აღვადგენთ, ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეს არის წარმოუდგენელი. ეს ყოველივე კარგად იცის რუსეთმა და ამიტომ ვერაფერი ვერ გაკეთდება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.