დღეს, 11 მარტს, კახეთში ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ორი ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრებიან სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, კახეთის გუბერნატორის მოადგილე პეტრე კიკნაძე, აგრეთვე ათასწლეულის ფონდის, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი ფერმერები.
13:15 საათზე, სამაცივრე მეურნეობა საგარეჯოში გაიხსნება. კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საწარმომ ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში 150 000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი მიიღო. ამ თანხით და ადგილობრივი პარტნიორის თანადაფინანსებით (168,290 აშშ დოლარი) შეიქმნა თანამედროვე სამაცივრე მეურნეობა, რომელშიც ხდება სასუფრე ყურძნის და ამ რაიონში მოყვანილი სხვა ხილის (კივი, გარგარი, ატამი, ალუბალი და მარწყვი) დაფასოება და შენახვა. კომპანიამ შენობა განაახლა და პროდუქტის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად თანამედროვე გამაციებელი მოწყობილობებითა და სავენტილაციო სისტემით აღჭურვა. პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნა დაახლოებით 25 ახალი სამუშაო ადგილი.
15:00 საათზე, სამაცივრე მეურნეობა გურჯაანში გაიხსნება. აღნიშნულმა საწარმომაც ათასწლეულის ფონდის აგრობიზნესის განვითარების პროექტის ფარგლებში 150 000 აშშ დოლარის გრანტი მიიღო. ამ თანხით და ადგილობრივი პარტნიორის თანადაფინანსებით (154,500 აშშ დოლარი) შეიქმნა თანამედროვე სამაცივრე მეურნეობა, რომელიც შესაძლებელს ხდის ჰაერის ტემპერატურის და სასაწყობე ოთახების ტენიანობის დონის ცენტრალურ რეგულირებას, რაც მინიმუმამდე ამცირებს ხილის გაფუჭების შესაძლებლობას. პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნა დაახლოებით 47 ახალი სამუშაო ადგილი. „აღნიშნული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვან ინვესტიციას წარმოადგენს საქართველოს ხილის სექტორის განვითარებაში, რადგან ამ სექტორში მომუშავე ფერმერებს ეძლევათ საშუალება ხილი შეინახონ და გაყიდონ არასეზონურადაც, როდესაც ფასები უფრო მაღალია", - განაცხადეს კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში.