პატიმარი ჯაბა სოფრომაძე ციხის ადმინისტრაციას ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს და დახმარებას ითხოვს.
„ჯი-ეიჩ-ენის" რედაქციაში შემოსული ჯაბა სოფრომაძის წერილის მიხედვით ირკვევა, რომ მასსა და ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორს გელა გოგლიჩიძესა და მისი პირველ მოადგილეს კახა გველესიანს შორის დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც სოფრომაძემ და მისმა თანასაკნელებმა ადმინისტრაციას მოსთხოვეს მსჯავრდებულების საბანკო ანგარიშებიდან უკითხავად და უკანონოდ თანხების მოხსნის აღკვეთა.
სოფრომაძე თავის წერილში ჰყვება, თუ როგორ გაუსწორდა აღნიშნულის გამო მის თანამოსაკნეს დირექტორის მოადგილე კახა გველესიანი.
„მივმართე დაწესებულების დირექტორს ბატონ გ.გოგლიჩიძეს ემოქმედა მისი პირველი მოადგილის ქმედებაზე, რასაც ყოველთვის უპასუხოდ ტოვებდა. ამის გამო მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს ამოვიკერე პირი. გამოვაცხადე მშრალი შიმშილობა, ხოლო 18 ოქტომბერს გამოუცხადე უნდობლობა. იმავე დღეს, როდესაც უნდობლობა გამოვუცხადე - დაახლოებთ 06:30 საათზე -მომიპარეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - ჩამსვეს ეტაპის მანქანაში ბორკილებდადებული და გადმომიყვანეს ქ.რუსთავის N6 დაწესებულებაში (მთელი გზის განმავლობაში ბორკილებდადებული ვიმყოფებოდი). გადმოყვანის დღიდან N6 დაწესებულებაში ხორციელდებოდა სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური ზეწოლები...", - წერს ჯაბა სოფრომაძე.
სოფრომაძე წერილში აღწერს N6 დაწესებულების ადმინისტრაციის დამოკიდებულებას მის და თანამოსაკნეების მიმართ. კონკრეტულად ასახელებს დაწესებულების დირექტორის არჩილ ძამაგაშვილს და რეჟიმის უფროსს მათე ჯაბანაშვილს და აცხადებს, რომ არსებობს მისი ლიკვიდაცის საშიშროება.
„ჩვენ, მოშიმშილენი - არჩილ ფაჩულია, ვიქტორ მოჩიტაშვილი, ვლადიმერ გიორგაშვილი, უკანონო პატიმარი ვაგიფ მუსტაფაევი და მე უკანონო პატიმარი ჯაბა სოფრომაძე, ვიმყოფებით ამჟამადაც N6 დაწესებულების ძველი პირველი კორპუსის N2 საკანში. ადმინისტრაცია აგრძელებს ჩვენს მიმართ სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიურ ზეწოლებს. მაგალითისთვის მიმდინარე წლის 2 დეკემბერს ჩვენთან საკანში შემოვიდა 24 თანამშრომელი, ჩაატარეს თითქოსდა ჩხრეკა, უკანონოდ წაიღეს სხვადასხვა ნივთები, რაზედაც არანაირი ოქმი არ შედგენილა და არ დაულუქიათ ეგრედწოდებული მათთვის აკრძალული ნივთები. ასევე საკანში დარჩენილ 2 მსჯავრდებულს ვაგიფ მუსტაფაევს და არჩილ ფაჩულიას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა", - წერს ჯაბა სოფრომაძე.
სოფრომაძე აცხადებს, რომ თუ უახლოეს დღეებში არ იქნება დაკმაყოფილებული მათი კანონიერი მოთხოვნები და არ შეწყდება ზეწოლები, „მივიღებთ სხვადასხვა სახის თვითდაზიანებებს. რაზეც მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ N6 დაწესებულების ადმინისტრაციას და შესაბამის ზემდგომ სახელმწიფო უწყებებს".
„ყოველივე ზემოთ აღნიშნული თქვენთვის მოგვინდია განსასჯელად არის თუ არა რაიმე სხვაობა პენტეციალურ სისტემაში წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების პერიოდის ქმედებებში პატიმრების მიმართ. (გარდა მათთვის სასურველ და პრივილეგიური პატიმრებისა " ნასეტკების " ) ? ...", - წერს ჯაბა სოფრომაძე.
„ჯი-ეიჩ-ენი" შეეცადა ინფორმაციის დაზუსტებას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში თუმცა უშედეგოდ. სააგენტო მზადაა სამინისტროს პოზიციის საზოგადოებისთვის გასაცნობად.
მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს გადაამოწმოს აღნიშნული ინფორმაცია.