"სილქნეტი" ასე ეწოდება დღეიდან კომპანიას, რომელიც „ვანექსის", "აჭარის ელექტროკავშირისა" და „გაერთიანებული ტელეკომის" გაერთიანების შედეგად შეიქმნა. ბრენდინგი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა „სილქნეტი" უკვე პროცესების ოპტიმიზაციას იწყებს.
მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული კომპანია-ეს არის „სილქნეტის" მენეჯმენტის უპირველესი ამოცანა. "სილქნეტში" აცხადებენ, რომ მომხმარებელს აბსოლუტურად ახალი ტიპის მომსახურებას შესთავაზებენ, პროდუქტების მრავალფეროვნება იქნება ყველა მიმართულებით, ფიქსირებული სატელეფონო კავშირი, ინტერნეტი, უსადენო სახლის ტელეფონი. დაგეგმილია აბონენტების ერთიან ბილინგ სისტემაში ჩართვა, ახალი სერვის-ცენტრების გახსნა და ძველების მოდიფიცირება.
ახალი მენეჯმენტის მიზანი, აბონენტების მაღალხარისხიანი და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სრული სატელეცომუნიკაციო მომსახურების უზრუნველყოფაა. 100-100-ზე დარეკვა წელს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან გახდება შესაძლებელი. დასრულდება რეგიონების ციფრული სადგურებით აღჭურვა, რაც მთელი ქვეყნის ტერიტორიის ინტერნეტქსელით დაფარვის პროცესს დააჩქარებს. ამ კომპანიის საშუალებით, ქართულ ინტერნეტბაზარზე სხვა სიახლეებთან ერთად დღეს მსოფლიოსათვის უახლესი ტექნოლოგიური პროდუქტი IPV(ინტერნეტპროტოკოლზე დაფუძნებული ტელევიზია) შემოვა.