"რომპეტროლ საქართველო" რჩეული ბრენდების დაჯილდოების ცერემონიაზე - "Golden Brand 2009" საუკეთესო ნავთობკომპანიად აღიარეს. გამარჯვებულ კომპანიას დიპლომი და სპეციალური ჯილდო - ოქროს პრიზი, სასტუმრო "რედისონში", დღეს გამართულ "Golden Brand" -ის ყოველწლიურ და რიგით მეხუთე დაჯილდოვების ცერემონიაზე გადაეცა.
ნავთობკომპანიებს შორის "რომპეტროლ საქართველო" გამარჯვებულად "GLOBAL IDEA"-ს, გაზეთ "FINANCIAL"-ის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შედეგად გამოვლინდა.
2009 წლის ოქროს ბრენდების შერჩევაში, მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს წამყვანმა ექსპერტებმა, უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა და ხელმძღვანელმა პირებმა, ბიზნესადმინისტრირების სპეციალისტებმა, კონსალტინგურმა ჯგუფებმა, სახელმწიფო და არასამთავრობო ბიზნეს სექტორმა.
"მოხარული ვარ, რომ გავიმარჯვეთ ასეთ პრესტიჟულ კონკურსში და "რომპეტროლ საქართველოს" საქმიანობამ მაღალი შეფასება პოვა. გასული წელი ჩვენთვის საკმაოდ წარმატებული და მნიშვნელოვანი იყო. წლეულასაც "რომპეტროლი" ქართულ ბაზარზე გააგრძელებს მრავალმილიონიანი ინვესტიციების დაბანდებას, ნოვაციური პროექტების დანერგვას, საწვავის ხარისხის კონტროლის სისტემის გაძლიერებას, ქსელის გაფართოებას, სოციალური პროექტებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობების მხარდაჭერას", - განაცხადა "რომპეტროლ საქართველოს" მარკეტინგისა და პიარის განყოფილების დირექტორმა თამარ კოზმავამ.
ღონისძიების ორგანიზატორთა განცხადებით, "ოქროს ბრენდი" ავლენს და აჯილდოებს იმ კომპანიებს, რომლებმაც საქართველოს ბაზარზე ბრენდინგულ საქმიანობაში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს. კვლევის მთავარ საგანს ბრენდინგულ საქმიანობაში კომპანიების კრიატიული გადაწყვეტილებები წარმოადგენს.
კომპანიის მარკეტინგისა და პიარის განყოფილების განცხადებით, "რომპეტროლ საქართველო" ევროსტანდარტის საწვავის უმსხვილესი მომწოდებელია ქართულ ბაზარზე. "რომპეტროლ ჯგუფი" ტრანსნაციონალური ნავთობკომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 10 უმსხვილეს კომპანიათა რიცხვში შედის. მისი მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოს 13 ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. ძირითადად წარმოდგენილია საფრანგეთში, რუმინეთში, ესპანეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. რუმინული კომპანიის აქციათა მფლობელი "ყაზმუნაიგაზია".