ცხინვალში მყოფი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ფილიპ ლეფორი (ევროკავშირი), ანტი ტურუნენი (გაერო) და ეუთოს უმაღლესი კომისტის წარმომადგენლები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარკებათა მორიგი რაუნდის დღის წესრიგს განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ დელეგაციაში პირველად იმყოფება ეუთოს შვეიცარიის წარმომადგებლობის სპეციალური წარმომადგენელი ანჟელო გნედინგერი.
შეხვედრაზე, ჟენევის მოლაპარაკებებზე ოსური დელეგაცის ხელმძღვანელმა მურატ ჯიოევმა თანათავმჯდომარეებს განუცხადა, რომ მათი ჩასვლა ცხინვალში სეპარატისტებისათვის მნიშვნელოვან თარიღს დაემთხვა.
„ 1989 წლის 23 ნოემბერს ქართული ჯარი პირველა შეეცადა ჩვენს ქალაქში შემოსულიყო, მაგრამ ჩვენი ხალხის მამაცობის წყალობით მაშინ სიტუაციის განმუხტვა მოხერხდა", _ განაცხადა ჯიოევმა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში პროგრესი დაიწყოს.
„ჩვენ ყველა კავკასიაში ვცხოვრობთ და არავინ აქედან წასვლას არ აპირებს და რაც უფრო მალე ვიპოვით შესაძლებლობებს კეთილმეზობლური ურთიერთობებისათვის მით უკეთესი",_ განაცხადა ჯიოევმა. ამის შემდეგ შეხვედრა დაიხურა.
აღსანიშნავია, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები დღესვე ზნაურის რაიონის სოფელ მუგუთის მონახულებას გეგმავენ.