საქართველოს ფინანსთა მინისტრის, კახა ბაინდურაშვილის შეფასებით, რუსეთის მხრიდან ემბარგოს მოხსნა მორიგი რუსული ხაფანგი არ უნდა გახდეს.
"თუ მოსკოვში მიიღებენ გადაწყვეტილებას ემბარგოს მოხსნის შესახებ, შეგვიძლია ეს დადებითად შევაფასოთ, რადგან დამატებითი ბაზრის მოპოვება ქართველი ბიზნესმენებისთვის მნიშვნელოვანია და არ აქვს მნიშვნელობა, ეს რუსული იქნება თუ ავსტრიული. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ის მაღალი რისკი, რაც რუსულ პოლიტიკას ახასიათებს და ერთხელ უკვე ვიწვნიეთ, მით უმეტეს ფრენებთან დაკავშირებით, როდესაც ქართული კომპანიები აიძულეს, შეთითხნილი ვალები გადაეხადათ", - განაცხადა ბაინდურაშვილმა და დასძინა, რომ თუ ანალოგიური ვითარება განმეორდება, ეს ქართული ეკონომიკისთვის დამანგრეველი იქნება.
მინისტრის შეფასებით, ემბარგოს მოხსნა პოზიტიურად უნდა შეფასდეს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ განსაკუთრებული წინდახედულობა უნდა გამოიჩინოს რათა რუსულ ხაფანგში არ გაებას.
ბაინდურაშვილმა ნოღაიდელის ვიზიტზედაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ სამართლიანი საქართველოს ლიდერი ერთ-ერთი ჩვეულებრივი ოპოზიციონერია და მას ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებებთან არანაირი კავშირი არ აქვს - შესაბამისად ნოღაიდელი რუსეთის ხელისუფლებას ვერ მიაღებინებს გადაწყვეტილებას ემბარგოს მოხსნის შესახებ.