ოსი სეპარატისტები დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დაწყების 24-ე წლისთავს აღნიშნავენ.
1988 წელს, შეიქმნა ოსური ორგანიზაცია - სამხრეთ ოსეთის სახალხო ფრონტი - "ადამონ ნიხასი."
1989 წლის 10 ნოემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატების საბჭომ საქართველოს უმაღლეს საბჭოს მიმართა მოთხოვნით რეგიონისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების შესახებ, რამაც გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების მწვავე რეაქცია.
1989 წლის 15 აგვისტოს გამოიცა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს დადგენილება ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის შესახებ. ამ დოკუმენტს მოჰყვა დაძაბულობა. იგი გამოიყენა საბაბად ოსურმა ორგანიზაციამ "ადამონ ნიხასმა" თავისი შემდგომი ქმედებებისთვის. გაიმართა პირველ მიტინგი, რომლის საბაბი გახდა ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცება. საპროტესტო აქციის სათავეში იდგნენ "ადამონ ნიხასის" წევრები.
საქართველოს უმაღლესი საბჭოს მიერ ქართული ენის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენად გამოცხადებას ოსებმა უპასუხეს რეზოლუციით, რომელიც ოსურ ენას აცხადებდა რეგიონის ოფიციალურ ენად. წამოიწყო მიტინგებისა და სახალხო გამოსვლების ტალღა.
1989 წლის 23 ნოემბერს 15 ათასი ქართველი ცხინვალისკენ დაიძრა. ქალაქის მისადგომებთან მათ გზა გადაუღობეს ოსმა შეიარაღებულმა პირებმა და საბჭოთა არმიის მე-8 პოლკის სამხედროებმა. შეტაკებას მოჰყვა პირველი მსხვერპლი: დაიღუპა 6 ადამიანი, 27-მა მიიღო ცეცხლსასროლი ჭრილობა და 140 მოთავსებული იქნა საავადმყოფოში.
1989 წლის 26 სექტემბერი საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წინაშე დაისვა საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველოს სსრ მოქმედი კონსტიტუციის 75-ე მუხლს დამატებოდა პუნქტი: `სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში სახელმწიფო ენაა ოსური ენა''.
მიტინგების ფართო ტალღა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში აგორებას იწყებს 1989 წლის ოქტომბრიდან, როცა ცხინვალში გაიმართა პირველი მიტინგები. ეს გახდა საბაბი იმისა, რომ ქალაქში შეიყვანეს ქართული მილიციის დამატებითი გაძლიერებული რაზმები. თუმცა, "ადამონ ნიხასის" და, პირადად, მისი ლიდერის, ალან ჩოჩიევის, მოთხოვნები ამ პერიოდში საკმაოდ ზომიერი იყო. ის აცხადებდა: "გააზრებული გვაქვს, რომ მოცემულ მომენტში ოსეთის სტატუსის აღდგენის საკითხის დაყენება ნაადრევი და მოუმზადებელია".
"ადამონ ნიხასმა" ორგანიზება გაუკეთა "ოსი მშრომელების მიმართვას" სსრკ უმაღლესი საბჭოს, სსრკ მინისტრთა საბჭოს, შსკპ ცენტრალური კომიტეტისადმი, რომელშიც მათ - "ოსმა მშრომელებმა" და "ადამონ ნიხასმა" - უკვე ერთობლივი პოზიციით გაილაშქრეს საქართველოში იმ დროს მიმდინარე მოვლენების წინააღმდეგ
1989 წლის 10 ნოემბერი - სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს XII საგანგებო სესიამ მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის სტატუსის ამაღლების შესახებ: გამოცხადდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გარდაქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად. სესიამ მოუწოდა საქართველოს სსრ უმაღლეს საბჭოს და სსრკ უზენაეს საბჭოს, რათა განეხილათ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისათვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭების საკითხი.
1990 წლის 9 მარტს მოწვეულ იქნა საქართველოს სსრ მეთერთმეტე მოწვევის უზენაესი საბჭოს რიგგარეშე XIII სესია. რომელმაც მიიღო დადგენილება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის გარანტიების შესახებ.
სიტუაციის ესკალაციის შემდეგი საფეხური იყო 1990 წლის ზაფხული, როდესაც მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოს უმაღლესმა საბჭომ მიიღო საარჩევნო კანონი, რომელიც რეგიონალურ პარტიებს უკრძალავდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ოსური მხარის მიერ ეს ნაბიჯი შეფასებულ იქნა, როგორც "ადემონ ნიხასის" წინააღმდეგ მიმართული ქმედება და 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთი გამოაცხადეს სსრკ-ს სუვერენულ სუბიექტად.
იმავე წლის ოქტომბერში საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ოსებმა ბოიკოტი გამოუცხადეს და 9 დეკემბერს ჩაატარეს საკუთარი საპარლამენტო არჩევნები. ამის საპასუხოდ გამსახურდიას ხელისუფლებამ 11 დეკემბერს გააუქმა ამ არჩევნების შედეგები და სამხრეთ ოსეთის ავტონომიის სტატუსი. რეგიონში შემოღებულ იქნა საგანგებო მდგომარეობა.