რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირი სპეციალურ წარმომადგენელს ფილიპ ლეფორს ტელეფონით ესაუბრა, ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საუბრისას განიხილეს ისეთი საკითხები, რომლებსაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე პრინციპული ხასიათი აქვს", _ იუწყება რუსეთის საგარეო უწყება.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ბოლო რაუნდის დასრულების შემდეგ კარასინმა ლეფორის მიერ გაკეთებულ განცხადებებებს „მიკერძოებული" უწოდა. ლეფორმა რუსეთს შეახსენა, რომ ის 2008 წლის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არ ასრულებს.
კარასინმა მაშინ განაცხადა, რომ თანათავმჯდომარეები მიუკერძოებელნი უნდა იყვნენ და უნდა ფიქრობდდნენ მანამ ვიდრე საჯაროდ რამეს იტყოდნენ.
„გამოცდილება გვაჩვენებს, რომ არადიპლომატიური გამონათქვამები, რომლებიც მოლაპარაკებათა ერთ-ერთი მონაწილის მხარდაჭერისკენაა მიმართული მოლაპარაკებათა პროცესს ხელს არ უწყობს. ამ თვალსაზრისით მიმაჩნია, რომ ბატონი ლეფორი თანათავმჯდომარეების მისიის კომპრომეტირებას ახდენს", _ განაცხადა კარასინმა და აღნიშნა, რომ რატომღაც ყველას „ავიწყდება", რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ნაწილები უკვე აღარ არიან.
„მათ „ავიწყდებათ" რომ დღევანდელი აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიები კი არ არიან, არამედ სუვერებული სახელმწიფოები, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ აღიარა. ასე, რომ ბატონი ლეფორის გამონათქვამები გაფუჭებულ ფირფიტას გავს ყალბი მელოდიით",_ განაცხადა კარასინმა.