გალის ტყვარჩელისა და ოჩამჩირის რაიონებში 23 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე გადამოწმებულია 8476 საპასპორტო საქმე. განცხადება ამის შესახებ დღეს ე.წ. აფხაზურ პარლამენტში ე.წ. გენპროკურორის მოადგილემ დამირ კვიწინიამ გააკეთა.
ე.წ. აფხაზურ პარლამენტში დღეს მეორე ანგარიშს ისმენდდნენ ე.წ. „აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტების გაცემის კანონიერების შესახებ".
ე.წ. გენპროკურორის მოადგილის ინფორმაციით, გალისა და ტყვარჩელის რაიონში გაცემული 435 საპასპორტო საქმე გადაგზავნილია ე.წ. შს სამინისტროში ამოღებისა და განადგურებისათვის.
„გალის რაიონში შემოწმებულია 3275 საპასპორტო საქმე. ოჩამჩირის რაიონში 1165 საქმე, ტყვარჩელის რაიონში კი 4319 საქმე. უკვე გადამოწმებული საქმეები კიდევ ერთხელ გადამოწმდება", _ განაცხადა დამირ კვიწინიამ.
ამას გარდა, იმ პირების მიმართ, რომლებსაც უკვე აქვთ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობა იმის შესამოწმებლად აქვთ თუ არა მათ საქართველოს მოქალაქეობაც სეპარატისტებმა სკოლამდელი სასწავ;ლო დაწესებულებებიდან და გალის რაიონის სკოლებიდან მოსწავლეები პირადი საქმეები გამოითხოვეს. საიდანაც მიღებულია საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული დაბადების მოწმობების ასლები და ქართული ენიდან თარგმნილი ნოტარიალურად დამოწმებული დაბადების მოწმობების ასლები.
„შემოწმებით დადგენილია, რომ 150 მშობელს, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა აქვთ, ასევე აქვთ აფხაზეთის მოქალაქეობაც",_ წერს აფხაზური მხარე.
ამავე დროს, მათივე ინფორმაციით, უშიშროების საბჭო აგროვებს მონაცემებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ერთდროულად საქართველოს და აფხაზეთის მოქალაქეობა აქვთ.