დღეს, 10 მარტს, 12:00 საათზე საქპატენტის საკონფერენციო დარბაზში ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის "საქპატენტის" გენერალური დირექტორი ირაკლი ღვალაძე ბრიფინგს გამართავს "ევროკავშირისა და საქართველოს შორის სოფლის მეურნეობისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის შესახებ შეთანხმების" დადებისათვის აუცილებელი წინასწარი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით წინასწარ გამოქვეყნდება, ამ შეთანხმების პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული, ევროკავშირში დაცული სოფლის მეურნეობისა და სხვა პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების ნუსხა, რათა ფართო საზოგადოებამ და დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ორი თვის ვადაში შეძლონ საკუთარი მოსაზრებების წარდგენა მთავრობის დადგენილების საფუძველზე შექმნილ სპეციალურ კომისიაში.
აღსანიშნავია, რომ ამ ორმხრივი შეთანხმების შედეგად, გეოგრაფიულ აღნიშვნებს, რომლებიც დაცულია საქართველოში, როგორიცაა "ხვანჭკარა", "ქინძმარაული" და სხვ., მიენიჭებათ დაცვა ევროკავშირის ქვეყნებშიც. ურთიერთაღიარების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლისთანავე ევროკავშირის ქვეყნებში დაცული სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სხვა საკვები პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნები ასევე იქნება დაცული საქართველოში.