ვქმნით სახელმწიფოს, სადაც ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესები იქნება დაცული,- ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერ-მინისტრმა კახა კალაძემ არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალზე დასწრების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში. ჩვენ გვეყოლება ქართველი ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, ვქმნით სახელმწიფოს, რომელიც დაფუძნებული იქნება დემოკრატიულ ინსტიტუტებზე და სადაც ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესები იქნება დაცული. ჩვენი ქვეყნის თითოელ მოქლაქეს ექნება იმის საშუალება, გამოხატოს თავისი პოზიცია, თავისი აზრი და არ იქნება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნა,"- განაცხადა კახა კალაძემ.
ახლადარჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის პირველი პირი ოფიციალურად გახდა. მან პარლამენტის ძველი შენობის შიდა ეზოში გამართულ ინაუგურაციის ცერემონიალზე ფიცი ქვეყნის კონსტიტუციაზე და ბიბლიაზე დადო.
მარგველაშვილის ინაუგურაციას 53 ქვეყნის ოფიციალური დელეგაცია დაესწრო. სტუმრებს შორის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტი დალია გრიბაუსაკაიტე და სხვადასხვა ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები და ელჩები იყვნენ. გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიალს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტები - ედუარდ შევარდნაძე და მიხეილ სააკაშვილი არ დასწრებიან. ღონისძიებაზე არც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მივიდნენ.