იტალიაში ბომბის არსებობის შესახებ ანონიმური ელექტრონული შეტყობინებების მიღების შემდეგ, სულ მცირე, 300 სკოლიდან მოსწავლეებისა და მასწავლებლების ევაკუაცია განხორციელდა. შეტყობინებები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს.
ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
იტალიის განათლებისა და დამსახურების მინისტრის, ჯუზეპე ვალდიტარას განცხადებით, სკოლებმა ერთნაირი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს, რის შემდეგაც უსაფრთხოების ზომები დაუყოვნებლივ ამოქმედდა. მინისტრის თქმით, შეტყობინებების რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ სკოლის შენობაში დისტანციური მართვის ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო განთავსებული. წერილის ავტორი თავს „მიხაილ ანდროპოვად, მისოგინისტანის ვილაიეთის ლიდერად“ ასახელებდა და იტალიელების წინააღმდეგ მუქარას ავრცელებდა.
ვალდიტარას შეფასებით, საფრთხის შესახებ შეტყობინებების მასშტაბი ეჭვს აჩენს მათი სანდოობის შესახებ. ხელისუფლება მომხდარს, სავარაუდოდ, ცრუ განგაშად განიხილავს.
მომხდარს იტალიის პოლიცია იძიებს. სამართალდამცველები სკოლების შენობებს ამოწმებენ.
შემთხვევის გამო ევაკუაცია განხორციელდა რომში, მილანში, ნეაპოლში, პალერმოში, ბოლონიასა და სხვა ქალაქებში. პოლიციასთან ერთად შემოწმებებში მონაწილეობენ ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფის სპეციალისტები და ფოსტის პოლიცია.