„სამწუხაროა, რომ ჩიორა თაქთაქიშვილმა ამ დოკუმენტში ამ განსაზღვრების გარდა ვერაფერი ნახა და სწორედ ამას ჩაებღაუჭა", _ განაცხადა სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას, რომელმაც მთავრობის დადგენილებაში ჩაწერილი საოკუპაციო ხაზის განსაზღვრება „გამყოფი ხაზი" გააპროტესტა.
„ სამეურნეო კომისია იყენებს ამ განსაზღვრებას და ეს არ არის არსებითი ჩვენსა და აფხაზურ მხარეს შორის არსებულ ურთიერთობებში.
ვიყენებთ იმასაც და იმასაც და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩიორა თაქთაქიშვილმა ამ დოკუმენტში ამ განსაზღვრების გარდა ვერაფერი ნახა და სწორედ ამას ჩაებღაუჭა. ისე, უმჯობესი იქნებოდა თუ ამ საკითხზე კომენტარს პაატა ზაქარეიშვილი გააკეთებდა", _ განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ ჩიორა თაქთაქიშვილმა დღეს განაცხადა, რომ: მთავრობის ოფიციალური პოზიციაა, რომ საქართველოში აღმართული საოკუპაციო ხაზი არის თურმე "გამყოფი ხაზი", საქართველოს მთავრობა მიიჩნევს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებული კი არაა და შესაბამისად ოკუპანტი კი არ არსებობს, არამედ თურმე გაუგებარი მიზეზით არის გაყოფილი!!!
ეს წერია მთავრობის დადგენილებაში და ამაზე პასუხს აგებს თითოეული მინისტრი.