აფხაზი სეპარატისტები უარს აცხადებენ ქართველებთან ერთად აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენაზე.
განცხადება ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხინთბამ გააკეთა. მისი თქმით, აფხაზეთსა და „იუნესკოს" შორის, ძეგლების აღდგენის საკითხში თანამშრომლობა რომც წარიმართოს, ეს განხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ უშუალოდ მათ შორის და არა, კიდევ ვინმეს ჩართვით.
ხინთბა აცხადებს, რომ იმას, რაც გაჟღერდა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში, ძნელია ამას შემოთავაზება უწოდო. მისივე თქმით ეს ალბათ საქართველოს კულტურის მინისტრის პირადი მოსაზრებაა და სხვა არაფერი.
„არავითარი მსგავსი წინადადება ჩვენ არ მიგვიღია და რომც მიგვეღო, არამგონია მას რაიმე შედეგი მოჰყოლოდა, იმიტომ, რომ თუ ვისაუბრებთ ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების შენახვაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე, აფხაზეთის მთავრობა ყოველივე ამას დიდ ყურადღებას უთმობს და ამ თვალსაზრისით, მართლაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა",_ აცხადებს ხინთბა და აღნიშნავს, რომ აფხაზეთმა მართლაც მიმართა რამდენიმე ხნის წინ იუნესკოს თხოვნით გაეგზავნა აფხაზეთში დელეგაცია.
„რამდენიმე ხნის წინ „იუნესკოს" თხოვნით მართლაც მივმართეთ, გამოეგზავნა აქ მისია, რომელიც შეისწავლიდა ძეგლებთან არსებულ მდგომარეობას აფხაზეთის ტერიტორიაზე, იმიტომ, რომ მართლაც ძალიან ბევრი სხვა და სხვა მითი ვრცელდება ჩვენი ოპონენტების მიერ იმის შესახებ, რომ ეს ძეგლები არასათანადო მდგომარეობაში იმყოფებიან და რომ მათი აღდგენის პროცესი არასწორად მიმდინარეობს.
მაგრამ, თუ ასეთი თანამშრომლობა შესაძლებელია, ეს უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირ, აფხაზეთსა და „იუნესკოს" შორის ყოველგვარი ერთობლივი ფორმატებისა და მექანიზმების გარეშე", - აცხადებს ირაკლი ხინთბა.