პატრულის დაჭრაში ბრალდებულის ოჯახის წევრები და ახლობლები მთავარ პროკურორსა და შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავენ და დაკავებულის სასწრაფოდ გათავისუფლებას სთხოვენ.
ცოტა ხნის წინ ზუგდიდის თეატრის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა მცდელობა სამართალდამცველებმა აღკვეთეს.
საპროტესტო გამოსვლის ადგილი დაკავებულის ოჯახის წევრებმა მას შემდეგ შეარჩიეს, რაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ თეატრში რეგიონული განვითარების მინისტრი მოსახლეობას ხვდებოდა. მალე კი ანალოგიური მოთხოვნით ბრალდებულის ოჯახის წევრები აქციის გამართვას სამხარეო პროკურატურის შენობასთან გეგმავენ.
პატრულის დაჭრისა და წამების ფაქტზე დაკავებული კახა გულორდავა წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. დაკავებულს ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების მუხლით ბრალი უკვე წაუყენეს. სასამართლო კი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს ან ხვალ იმსჯელებს. მას პოლიციის თანამშრომელ გოგა ანჩაბაძის წამებასა და ცემაში ადანაშაულებენ.
გავრცელებული ვერსიით, ანჩაბაძე მეჯვარის ანუ კახა გულორდავას მეუღლის გაუპატიურებას ცდილობდა, რის გამოც დაზარალებულის ქმარი მას შურისძიების მიზნით ფიზიკურად გაუსწორდა. ფაქტზე ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
დაჭრილი და ნაწამები პატრულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. გოგა ანჩაბაძე ზუგდიდიდან ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტს უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია.
ექიმების განმარტებით, პოლიციის თანამშრომელს მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, თუმცა მიყენებული ტრავმები სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის. ამ დროისთვის დაჭრილი პატრული კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობს.
გაუპატიურების მცდელობაში ეჭვმიტანილი პატრული გუშინ ზუგდიდის ცენტრში, დევნილთა დასახლების ტერიტორიაზე ნაცემი და ყურმოჭრილი იპოვეს.