საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაცია ზურაბ პოლოლიკაშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით ბაჰრეინის სამეფოში იმყოფება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სამინისტრიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკური განვითარების მინისტრი უკვე შეხვდა ბაჰრეინის სამეფოს ფინანსთა და ეროვნული ეკონომიკის მინისტრს შეიჰ აჰმედ ბინ მუჰამედ ალ-ხალიფას. მანამდე შეხვედრები გაიმართა სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრებთან და დიდი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან. ვიზიტის მიზანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოში აღნიშნული რეგიონიდან დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა.
2008 წელს ბაჰრეინის სამეფო მსოფლიოს ყველაზე მზარდ ფინანსურ ცენტრად დასახელდა. მართალია, სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებთან შედარებით ბაჰრეინს ყველაზე ნაკლები ნავთობი გააჩნია, ექსპორტის 60 % მაინც ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე მოდის. ქვეყანაში კარგად არის განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები, საბანკო სექტორი და ტურიზმი. ბაჰრეინში ყოველწლიურად 8 მილიონზე მეტი ტურისტი ჩადის.
მასალის გამოყენების პირობები