რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხად რუსეთის მოქალაქეების მიერ აფხაზეთში დაკარგული ქონების დაბრუნების სადავო საკითხი რჩება. როგორც ჩანს, რუსეთმა, ამ პრობლემის გამწვავების თავიდან აცილების მიზნით გამოსავალი მოძებნა და სოხუმში, რუსეთის მოქალაქეებისათვის ახალ საცხოვრებელ კორპუსებს აშენებს.
ვინაიდან ის ბოევიკები, რომლებიც კონფლიქტის შედეგად როგორც ქართველების ასევე რუსებისა და სხვა ეროვნების მოქალაქეების მისაკუთრებული ბინების დაცლაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ და მათ ამაში მხარს აფხაზური საზოგადოება უჭერს მოსკოვმა შექმნილი სიტუაციიდან ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი მოძებნა.
რუსეთის ე.წ. ელჩი აფხაზეთში სემიონ გრიგორიევი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აფხაზეთში საკუთრი უძრავი ქონების დაბრუნებას „ათასობით რუსი ეროვნების მოქალაქე ელის". გრიგორიევის სიტყვებიდან გამომდინარეობს ის, რომ ქართულ აფხაზური კონფლიქტის დროს აფხაზეთში საცხოვრებელი ბინა მხოლოდ 32 რუსმა ოჯახმა დაკარგა.
მისი თქმით, სოხუმში ამჟამად შენდება კორპუსი, რომელიც სწორედ რუსეთის მოქალაქე იმ 32 ოჯახისთვისაა, რომლებმაც საკუთარი ბინები კონფლიქტის დროს დაკარგეს.
გრიგორიევი ასევე აცხადებს, რომ ქონებრივი საკითხების საკითხების შემსწავლელ კომისიაში დღიდან დაარსებისა შესულია მხოლოდ 188 განცხადება.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომისიის მიერ განხილულია 102 მიმართვა, მათგან 44 საფუძვლიანადაა მიჩნეული. 11 შემთხვევა დაზარალებულების სასარგებლოდ დასრულდა. სწორედ ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები ზოგ ოჯახთან იმის შესახებ, რომ ისინი სოხუმში, ახალაშენებულ სახლში უნდა შევასახლოთ, რომლის მშენელობა უახლოეს მომავალში დასრულდება",_ განაცხადა გრიგორიევმა და აღნიშნა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვიაჩესლავ სურკოვის ვიზიტის დროს აფხაზეთში გადაწყდა, რომ ეს პრობლემა მომდევნო წლის განმავლობაში უნდა მოგვარდეს და საბოლოოდ დაიხუროს.
„მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა სოხუმში მალე დასრულდება და ის ოჯახები, რომელთა საჩივარი ჩვენმა კომისიამ საფუძვლიანად ჩათვალა თუმცა დაკმაყოფილებული ჯერ არ არის, სურვილის შემთხვევაში ამ კორპუსში შესახლდებიან. ასეთი 32 ოჯახია",_ აცხადებს გრიგორიევი.