„იპოთეკასთან დაკავშირებული რეგულაციები მოქალაქეებს დააზარალებს", მიიჩნევენ დემოკრატიული განვითარების ეროვნულ ცენტრში. ორგანიზაციამ დღეს „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში" შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ კანონპროექტის თანახმად საქართველოს მოქალაქეებს იპოთეკურ სესხთან დაკავშირებული გარიგების დასადებად სირთულეები შეექმნებათ და ისინი ვალდებული მიმართონ ნოტარიუსს მიმართონ.
„გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს იუსტიციის მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წლების მანძილზე გატარებულ იქნა მრავალი რეფორმა, რამაც განაპირობა სისტემის მოდერნიზება, გარიგების დადებასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივება და სერვისების ხელმისაწვდომობა, აღნიშნულს კი ხელს უწყობდა საქართველოს მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს ძალისხმევა, შექმნილიყო მორგებული საკანონმდებლო პლათფორმა.
წარმოდგენილი კანონროექტის თანახმად საქართველოს მოქალაქეებს იპოთეკურ სესხთან დაკავშირებული გარიგების დასადებად (ფიზიკურ პირებს) ექმნებათ სირთულეები, კერძოდ კი ისინი ვალდებული იქნებიან მიმართონ ნოტარიუსს, გადაიხადონ ხელშეკრულების დამოწმებისთვის გაცილებით მეტი მომსახურების საფასური და შემდგომ წარადგინონ ხელშეკრულება საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის მიზნით, მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით ისინი მარტივი წესით დებენ გარიგებას მარეგისტრირებელ ორგანოში, რაც უჯდებათ მხოლოდ ხუთი ლარი. კანონპროექტის ინიციატორის აზრით სანოტარო აქტი გაცილებით მეტი გარანტია გარიგების მხარეთათვის და ასაბუთებს იმით, რომ ნოტარიუსის მიერ მომავალში განემარტებათ მხარეებს გარიგების დადების თანმდევი შედეგები, რაც არგუმენტად ვერ გამოდგება მხოლოდ იმიტომ, რომ დღეს მოქმედი კანონის თანახმადაც ნოტარიუსი ისედაც ვალდებულია განმარტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგები, თუ მას ამისათვის მიმართავს მოქალაქე და თუ ის გარიგების შინაარსს ამოწმებს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ხელშეკრულების დამოწმების სინამდვილე არასოდეს გამხდარა სადაო, ხოლო რაც შეეხება გარიგების თანმდევ შედეგებს, მოქალაქეთათვის ისედაც ნათელია იპოთეკის მნიშვნელობა, სხვა შემთხვევაში მსგავსი ხელშეკრულების დადებას ადგილი არც ექნებოდა"- ნათქვამია დემოკრატიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე განმარტებით, იპოთეკა არაა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, ხოლო რეალურად აღნიშნული მეტი არაფერია თუ არა ხელშეკრულების მხარეთა ინტერესების სამართლებრივი დაცვის მექანიზმი.
„ამასთან ის არგუმენტი, რომ კანონის პროექტის ინიციატივა მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეებისთვის უფრო ხელსაყრელი პირობების შექმნას, ეჭვს ბადებს, რადგან ის მეტ ბარიერებს უქმნის მოსახლეობას და მიმართულია დამატებითი თანხების მოზიდვისკენ, რაც უარყოფითად აისახება თითოეული მოქალაქის შემოსავლებზე, ნაცვლად იმისა, რომ იგი იყოს მიმართული პროგრესსა და სერვისების გამარტივებისკენ. აღნიშნული კი ბადებს ეჭვს, რომ კანონის პროექტის შექმნის საფუძველი მხოლოდ 2012 წლის წინასაარჩევნო Pღ კამპანიის შედეგია. აქვე გვსურს გავაფრთხილოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ბუნებრივია არ ვრცელდება მის ძალაში შესვლამდე დადებულ გარიგებებზე და ამით არ გადაიჭრება მათ დავალიანებასთან დაკავშირებული პრობლემები. ჩვენი მიზანია შევახსენოთ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს ქვეყნის წინაშე აღებული ვალდებულება და მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკავოს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შემოღებასთან დაკავშირებით, კანონშემოქმედებითი საქმიანობის განხორციელების პროცესში მჭიდროდ ითანამშრომლოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ჩაატაროს შესაბამისი კვლევა, მოახდინოს მოქალაქეთა მოთხოვნებზე ადექვატური სამართლებრივი რეაგირება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, გაიაროს კონსულტაციები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კვალიფიციურ კადრთან, რომლის წილი უდიდესია ქვეყნის წინსვლასა და უძრავი ქონების მართვასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივებაში"- აცხადებენ დემოკრატიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.