ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ქვეყნის შიდა წყალსატევებზე თევზჭერის გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემას იწყებს. საქართველოს ტბებზე სხვადასხვა სახის თევზის მოშენების, მოვლისა და მოპოვების უფლებას მსურველები 20 წლის ვადით მიიღებენ. მთავრობის გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმით, რომ პირველად ხორციელდება თევზჭერის ლიცენზიის ხანგრძლივი ვადით გაცემა, რაც ინვესტორს საშუალებას აძლევს უფრო ეფექტურად განახორციელოს გრძელვადიანი ინვესტიცია, იზრუნოს როგორც თევზის მრავალფეროვანი სახეობის მოშენებაზე და მოვლაზე, ასევე წყალსატევებში ამ დროისთვის არსებული მაღალი საკონსერვაციო ღირებულების თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების მრავალფეროვნებისა და სიცოცხლისუნარიანი პოპულაციების შენარჩუნებაზე. ლიცენზიის მფლობელი სახელმწიფოს წინაშე ასევე ვალდებული იქნება დაიცვას წყალსატევები დაბინძურებისგან, დანაგვიანებისა და დაშრეტისგან, განახორციელოს ტბების ეკოლოგიური უსაფრთხოების პროექტები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თევზჭერის ლიცენზიის გაცემის ყველა აუქციონიდან შემოსული თანხა შევა ადგილობრივ ბიუჯეტში, რაც მნიშვნელოვანია რეგიონების ეკონომიკური განვითარებისთვის.
საქართველოს ტბებზე თევზჭერის ლიცენზიების გაცემა მოხდება ეტაპობრივად, ღია აუქციონის წესით, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში. ერთ-ერთი აუქციონი, სადაც გასაყიდად ნადარბაზევის ტბაში (ნადარბაზევის წყალსაცავი) თევზჭერის ლიცენზია იყო გამოტანილი, სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. აუქციონზე ორი განაცხადი იყო წარმოდგენილი ფიზიკური პირებისგან. კონკურენციის შედეგად საბოლოო თანხამ 34 563 ლარს მიაღწია და ოცწლიანი ლიცენზიის მფლობელი ა. მგალობლიშვილი გახდა. ლიცენზიის საწყისი ფასი 17 283 ლარი იყო.
უახლოეს ხანში დაგეგმილია სიონის, ტყიბულის და საქართველოს სხვა წყალსატევების თევზჭერის ლიცენზიის გაცემის აუქციონები. უკვე გაცემულია ჯანდარისა (ლიცენზიის საბოლოო ფასი - 132 000 ლარი, ლიცენზიანტი - შპს ‘ჯანდარის ტბა') და წალკის (ლიცენზიის საბოლოო ფასი - 142 795 ლარი, ლიცენზიანტი - ლ. ლაბაძე) ტბების თევზჭერის ლიცენზიები.