ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 1,5 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ჯანმრთელობის დაცვა, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფი და საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფი.
ჯანმრთელობის დაცვა: მოცემულ ჯგუფში ფასები გაიზარდა 10,1 პროცენტით, რომლის წვლილმაც ოქტომბრის ინფლაციის მაჩვენებელში 0,85 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების ზრდა დაფიქსირდა საავადმყოფოების მომსახურების ქვეჯგუფზე (37,7 პროცენტი).
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 1,5 პროცენტით, რაც ოქტომბრის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,45 პროცენტული პუნქტი წვლილით აისახა. აღსანიშნავია ფასების მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5,6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3,3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2,7 პროცენტი).
საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირის ჯგუფზე დაფიქსირდა ფასების 1,5 პროცენტიანი ზრდა. შესაბამისად ჯგუფის წვლილმა ოქტომბრის ინფლაციაში 0,14 პროცენტული პუნქტი შეადგინა, რაც ძირითადად განაპირობა მყარ საწვავზე ფასების 9,0 პროცენტიანმა მატებამ.