საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შვიდკაცა რაგბიში რიგით მეექვსე ტურნირი გაიმართა. სპორტული ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს სპორტული სამსახურისა და საქართველოს რაგბის კავშირის ორგანიზებით მოეწყო. შეჯიბრში I, II, III, IV ქვეითი და I, II საარტილერიო ბრიგადების, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ეროვნული სასწავლო ცენტრ „კრწანისის" რაგბის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. თამაშები ვარკეთილის მეურნეობის ბაზაზე არსებულ სტადიონზე მიმდინარეობდა.
მესამე ადგილისთვის ერთმანეთს I და III ბრიგადები დაუპირისპირდნენ. თამაში III ბრიგადის გამარჯვებით დასრულდა - 17:10, ხოლო ფინალში ერთმანეთს I საარტილერიო და IV ქვეითი ბრიგადები შეერკინენ. IV ქვეითმა ბრიგადამ მოწინააღმდეგე დიდი ანგარიშით - 39:5 დაამარცხა და შესაბამისად, ტურნირის ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
ჩემპიონატის ბოლოს ამხანაგური მატჩიც გაიმართა. ერთმანეთს სახმელეთო ძალების სარდლობის დასავლეთ და აღმოსავლეთ ოპერატიული დაჯგუფებების გუნდები დაუპირისპირდნენ. ამხანაგური შეხვედრა დასავლეთ ოპერატიულმა დაჯგუფებამ ანგარიშით - 26:14 მოიგო.
გუნდების მომზადებაში საქართველოს რაგბის კავშირის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რაგბის გუნდის „არმია" მწვრთნელები მონაწილეობდნენ. ტურნირს საქართველოს რაგბის კავშირიდან მოვლენილი არბიტრები აკვირდებოდნენ.
სამ საპრიზო კატეგორიაში შესაბამისი სერთიფიკატები, მედლები და ჩემპიონის თასი გამარჯვებულებს 13 დეკემბერს მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე გადაეცემათ.
მასალის გამოყენების პირობები