სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის საფინანსო სამეურნეო სამმართველოს უფროსი ლევან ასიტაშვილი დააკავეს.
ამავე ბრალდებით სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დაკავებულნი არიან სამმართველოს შესყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დავით გედენიძე და შპს ,,ჯეოიმპექსი"-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი დავითურიც.
2010 წლის 16 იანვარს სასაზღვრო პოლიციაში გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი საკვები პროდუქტების შესყიდვასთან დაკავშირებით, რომლის საერთო ღირებულებამ 2 600 000 ლარი შეადგინა.
ლევან ასიტაშვილმა და დავით გედენიძემ ტენდერის ოფიციალურად გამოცხადებამდე მცირე ხნით ადრე მეგობრებს დააარსებინეს ფირმები და პირადი სარგებლის მიღების სანაცვლოდ, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით მიანიჭეს არამართლზომიერი უპირატესობა და გაამარჯვებინეს ხსენებულ ტენდერში.
დაკავებულთაგან ჩადენილ დანაშაულს სრულად აღიარებს დავით გედენიძე, ხოლო ლევან ასიტაშვილი და გიორგი დავითური დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებენ.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 341-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის.
გამოძიებას აწარმოებს შსს გენერალური ინსპექცია.
მოქმედი კანონმდებლობით ხსენებულ დანაშაულთა ჩადენა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 9 წლამდე.