20 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში M-1 Challenge 42-ის ფარგლებში შერეული ორთაბრძოლების პირველი ოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა (MMA), რომელზეც ქართველმა სპორტსმენმა ნოდარ კუდუხაშვილმა (84 კგ) ოქროს მედალი, ხოლო არჩილ თაზიაშვილმა (65 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. გამარჯვებულებს ჩემპიონის ქამარი MMA-ს ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონმა ფიოდორ ემელიანენკომ პირადად გადასცა.
შერეული ორთაბრძოლების პირველ ოფიციალურ მსოფლიო ჩემპიონატზე მსოფლიოს 35 ქვეყნიდან ჩასული 100-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა. 84 კგ კატეგორიაში ფინალში ერთმანეთს ქართველი და რუსი სპორტსმენი შეხვდნენ. ნოდარ კუდუხაშვილმა ფინალურ ბრძოლაში შამილ აბდულოვს სძლია (რუსეთი). სამი დაძაბული რაუნდის შედეგების მიხედვით მსაჯებმა ერთხმად მისცეს გამარჯვება ქართველ სპორტსმენს.
შერეული ორთაბრძოლების საქართველოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მამუკა მამულაშვილის თქმით, უსახსრობის გამო ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო, იასპარეზებდნენ თუ არა ქართველი სპორტსმენები სანქტ-პეტერბურგში. „ფედერაციისა და სპორტის ამ სახეობის სათანადო დაფინანსების შემთხვევაში დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ევროპისა და მსოფლიოს კიდევ არაერთ ჩემპიონატზე გავიმარჯვებთ. ამჯერად ძალიან კმაყოფილი ვარ - გვყავს ერთი მსოფლიოს ჩემპიონი და ერთიც ბრინჯაოს მედლის მფლობელი. პატარა საქართველოსთვის ეს დიდი შედეგია, მით უმეტეს, რომ 35 ქვეყნის ძალიან ძლიერ სპორტსმენებთან გვიწევდა შერკინება.", - აცხადებს მამუკა მამულაშვილი.
შერეული ორთაბრძოლების საქართველოს ეროვნული ნაკრები სანქტ-პეტერბურგიდან დღეს ღამით ბრუნდება.
მასალის გამოყენების პირობები