დღეს თბილისში, სპორტის სასახლეში, საერთაშორისო სტუდენტურ საკალათბურთო ლიგის გახსნითი შეხვედრა ჩატარდება. ერთმანეთს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (МГУ) გუნდები დაუპირისპირდებიან. მატჩს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრება.
მანამდე, 16:00 საათზე, ვეტერან კალათბურთელთა ამხანაგური შეხვედრა გაიმართება, ქართველი ვეტერანი კალათბურთელები პოსტსაბჭოთა ქვეყნების სპორტსმენთა ნაკრებს შეეჯიბრებიან. თბილისელი გულშემატკივრები სპორტის სასახლის არენაზე იხილავენ ყველასთვის საყვარელ, მსოფლიოში ცნობილ ქართველ და უცხოელ ვეტერან კალათბურთელებს. 17:30 საათზე დაგეგმილია პრესკონფერენცია სასტუმრო Holiday Inn-ში, 18:30 საათზე კი ჩატარდება გახსნითი შეხვედრა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ) - მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი (МГУ).
წელს პირველად, საქართველო საერთაშორისო სტუდენტურ საკალათბურთო ლიგაში ჩაერთვება. ჩვენს ქვეყანას ამ პრესტიჟულ ტურნირში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი წარადგენს.
ტურნირი 7 თვეს გაგრძელდება. მის ფარგლებში, საქართველოში 5 შეხვედრაა დაგეგმილი. აღნიშნული ღონისძიება არის ლიცენზირებული ტურნირი, რომლის მთავარი სპონსორი "ვითიბი" ბანკია.
რაც შეეხება ქართულ გუნდს, საკალათბურთო კლუბ "სტუ"-ს მწვრთნელი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი ნიკოლოზ დერიუგინია.