ეკონომიკური განვითარების სამინისტროში დასრულდა აუქციონი, სადაც გასაყიდად წარმოდგენილი იყო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთი ობიექტი - თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, #29-31-33-ში მდებარე 8 ერთეული შენობა-ნაგებობა და მათზე დამაგრებული (6203 კვ.მ.) და ჭავჭავაძის გამზირზე, #29-31-33-ში მდებარე შენობა-ნაგებობები #1-დან #14-ის ჩათვლით მათზე დამაგრებული მიწის ნაკვეთით (3232 კვ.მ.).
ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან აცნობეს.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, აუქციონში მხოლოდ ერთი განაცხადი იყო წარმოდგენილი და შესაბამისად, გამარჯვებულიც კონკურენციის გარეშე გამოვლინდა. ობიექტის ახალი მფლობელი ფიზიკური პირი დავით ფერაძე გახდა, რომელმაც სახელმწიფო ქონება "ბიჯის" დამატებით 2 000 000 აშშ დოლარად შეიძინა. ობიექტის საწყისი ფასი 1 800 000 დოლარი იყო.
როგორც ცნობილია, აუქციონის პირობების თანახმად, გამარჯვებული სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას იღებს, რომ საპრივატიზებო ობიექტის რეკონსტრუქციისა და აღჭურვისათვის განახორციელებს 500 000 აშშ დოლარის ინვესტიციას ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 თვის განმავლობაში.
ქონების ახალი მეპატრონე ასევე ვალდებულია უზრუნველყოს საპრივატიზებო ობიექტის სამედიცინო პროფილით ფუნქციონირება ხელშეკრულების გაფორმებიდან ათი წლის განმავლობაში, აქედან პირველი სამი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს ობიექტში განთავსებული "ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის" სახელწოდება და ამავე ვადის განმავლობაში სსიპ "თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს" უსასყიდლოდ მოემსახუროს.