საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ცხრა უმაღლეს სასწავლებელს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება მოიცავს მხარეებს შორის თანმშრომლობას, საგანმანათლებლო პროექტების ერთობლივად განხორციელებას, ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიულ სტაჟირებას და ექსპერტების გაცვლას.
პროექტის ფარგლებში ეროვნული ბანკი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს სტაჟირების გასავლელად ტესტირებით აიყვანს. იგი 3-დან 6 თვემდე გაგრძელდება და ამის საშუალება წელიწადში 5 სტუდენტს მიეცემა.
სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გია ხუბუას განცხადებით, პროექტი მხოლოდ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შეეხება და მისი საშუალებით მათ არა მარტო ბანკის, არამედ ბაზრის სხვა სექტორების შესახებაც შეეძლებათ ინფორმაციის მიღება.