დღეს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე დაბა გუდაურს ეწვია, სადაც აქცია „პოლიეთილენის პაკეტი-ბუნების მტერია" გაიმართა. დასუფთავების აქციაში მინისტრთან ერთად გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ-ცენტრალური ბიუროს თანამშრომლები, მწვანე კლუბის და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.
,,პირველ რიგში მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო აგრარული უნივერსიტეტის, სასულიერო სემინარიის, სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს, ყველა ჩემს თანამშრომელს და საერთოდ ყველა იმ ადამიანს, რომელიც გამოდის, აგროვებს ნაგავს და უფრთხილდება ჩვენს ქვეყანას. წელს ჩვენს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს დავასუფთაოთ, მოვუაროთ ჩვენს ქვეყანას. მე იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა, თითოეული მოქალაქე გამოეხმაურება ჩვენს ინიციატივას," - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
შეგახსენებთ, რომ მინისტრის ინიციატივით, 2010 წელი დასუფთავების წლად გამოცხადდა.
ხაჩიძის განცხადებით, მსგავსი აქციები მთელი საქართველოს მასშტაბით ისევ გაგრძელდება.