საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ტყეშელაშვილმა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილმა, ქვემო ქართლის რეგიონში, შულავერი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის 12 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გზის საფუძვლის მოწყობას და მასზე ახალი ასფალტ-ბეტონით საფარის დაგებას, ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების მოწყობისა და მისი შეკეთების სამუშაოებს. ამჟამად, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს მიწის ვაკისის სამუშაოები.
რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, აღნიშნული გზის რეაბილიტაციას ქვემო ქართლის რეგიონის ეკონომიკის განვითარებისათვის, ასევე ტურისტული პოტენციალის სრული გამოყენებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
"გზის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს, საქართველოს ტურისტული მარშრუტების ქსელში ინტეგრაციას", - აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.
როგორც ცნობილია, სამუშაოებს ასრულებს ქართული სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. ,,საფარი". სამუშაოების ღირებულება შეადგენს 4 მლნ 777 ათას ლარს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით.¬¬¬¬¬¬¬¬¬¬¬