4 მარტს, 11.00 საათზე, ქ. თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში~, საქართველო-პოლონეთის ერთობლივი ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებაში ქართული დელეგაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის, ზურაბ ალავიძის მეთაურობით მონაწილეობს. პოლონურ დელეგაციას კი კომისიის პოლონური სექციის თავმჯდომარე და პოლონეთის რესპუბლიკის ეკონომიკის განვითარების სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილე გრაცია ჰენცლევსკა ხელმძღვანელობს.
კომისიის სხდომაზე მხარეები საქართველო-პოლონეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების, კერძოდ, ენერგეტიკის, რეგიონალური პოლიტიკის, ტრანსპორტის, საფინანსო და საბანკო, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და სხვა ეკონომიკურ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად კომისიის მუშაობაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.