მიმდინარე მოსამზადებელ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრები ისრაელს მეორედ შეხვდა და კვლავ მოუგო. იტალიაში, 9 აგვისტოს გამართული მატჩის მსგავსად, ისრაელი-საქართველოს დღევანდელი შერკინებაც ძალიან დაძაბული გამოდგა. 17 დღის წინ ქართველებმა დრამატულ ბრძოლაში, საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე ჩაგდებული ვიქტორ სანიკიძის 2-ქულიანით 79:77 მოიგეს. დღეს კი რიკი ჰიკმანის დასრულებამდე ჩაგდებული "ლეი-აპით" 74:73 იმარჯვეს.
საქართველოს ნაკრებმა ჩინებულად დაიწყო თამაში და პირველი მეოთხედი 21:13 მოიგო. ქართველებში გამოირჩეოდა გიორგი შერმადინი, რომელსაც ებრაელები „მაკაბიში" თამაშით კარგად იცნობენ. გიორგიმ პირველ მეოთხედში 13 ქულა მოაგროვა, რითაც ებრაელებს მთელი ყურადღება საკუთარ თავზე გადაატანინა.
პირველი ტაიმის დასრულებამდე 2,30 წუთით ადრე ქართველები 35:25 იგებდნენ, თუმცა ებრაელებმა მიჯრით მიითვალეს ორქულიანები - ომრი კასპიმ და ლიორ ელიაჰუმ იოლად გაარღვიეს ქართველების დაცვა და დიდი შესვენებისთვის ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს - 37:35.
მესამე მეოთხედში მასპინძლებმა აშკარად იძალეს. ქართველებს ამ მომენტისთვის ჩავარდნა ჰქონდათ და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ ებრაელები ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩდნენ - 56:50 დაწინაურდნენ.
ბოლო პერიოდი დრამატული გამოდგა. ქართველებს შეეშველა ნიკოლოზ ცქიტიშვილის და განსაკუთრებით დუდა სანაძის ქულები. სანაძემ მიჯრით 2 სამქულიანი ჩაგდო, რის შემდეგაც შეტევითი ფუნქციები საკუთარ თავზე შერმდინმა, გიორგი ცინცაძემ და ვიქტორ სანიკიძემ გადაიბარეს. განსაკუთრებით გამოსარჩევია სანიკიძის გმირული სამქულიანი, რომელიც მან საფინალო სირენამდე 26 წამით ადრე ჩაგდო და საქართველო 72:70 დააწინურა.
ომრი კაასპიმ ქართველებს სამქულიანითვე უპასუხა და საფინალო სირენამდე 22 წამით ადრე მასპინძლები 73:72 დაწინაურდნენ. მატჩის ბედი რიკი ჰიკმანმა გადაწყვიტა, რომელმაც დასრულებამდე 6 წამით ადრე ფარქვეშ შეჭრილმა, ლამის წონასწორობადაკარგულმა მოახერხა ლეი-აპის ჩაგდება და ქართველები 74:73 დააწინაურა. ისრაელის გადამრჩენელი 3-ქულიანი იმავე კაასპიმ შეასრულა, თუმცა არაზუსტად...
საქართველო და ისრაელი 28 აგვისტოს მორიგ საკონტროლო მატჩს ქალაქ ჰაიფაში გამართავენ.